X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი ორი ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებს შეხვდა

4 დეკემბერი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მისი მოადგილე მზია გიორგობიანი ორი  ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებს შეხვდნენ. 

პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობაში 2019“ ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა თელავის, ამბროლაურის, ქედის, გორისა და მცხეთის მერიებში  ერთი თვის განმავლობაში იმუშავა.

ისინი დარგობრივი სამსახურების მუშაობას გაეცნენ და მუშაობის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი ანგარიშები წარადგინეს. მათ, ასევე, საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს და გაცნობოდნენ საკრებულოს კომისიების და აპარატის მუშაობას.

პროექტის შედეგად სტუდენტებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გაიღრმავეს. ასევე, დამხმარე თანამშრომლის სახით სარგებელი მიიღეს მუნიციპალიტეტებმა. 

სხვადასხვა სპეციალობის პრაქტიკანტების საქმიანობა, რომლებიც წარმოშობით იმ მუნიციპალიტეტებიდან არიან, სადაც პროექტის შესაბამისად განაწილდნენ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) დააფინანსა.

კიდევ ერთი ახალგაზრდული კონკურსი ჩატარდა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში. გარდაბანში, ხაშურში (სურამში), ცაგერში, ტყიბულსა და ჭიათურაში კონკურსანტებმა საჯარო სივრცის მოწყობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის კონკრეტული პროექტები წარადგინეს.

სპორტული მოედნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინოვაციური გაჩერებები, გასართობი სათავგადასავლო პარკი, ახალი ბულვარი და თანამედროვე ტურისტული ცენტრი - ხუთი საუკეთესო პროექტი გამოვლინდა კონკურსის შედეგად, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დანიის მთავრობის ხელშეწყობით ჩატარდა.

სულ კონკურსში თხუთმეტი ახალგაზრდული გუნდი მონაწილეობდა. საუკეთესო ინიციატივები საყოველთაო კენჭისყრის წესით გამოვლინდა, რაშიც 2,300 მოქალაქე ჩაერთო.

კონკურსის ფარგლებში ასევე გაიმართა ტრენინგი, რომლის მსვლელობისას ახალგაზრდებმა ადგილობრივი ინიციატივების შემუშავება, წარდგენა და ადვოკატირება ისწავლეს. კონკურსი ჩაატარა  ჩეხურმა ორგანიზაციამ „AGORA Central Europe“. 

მომავალ წელს კონკურსში გამარჯვებულები ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან, სადაც თანატოლებს შეხვდებიან და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში ახალგაზრდების მონაწილეობის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან. 

ახალგაზრდული იდეების კონკურსი გაიმართა UNDP-ის ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მმართველობის დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის გაუმჯობესებას ემსახურება. 

4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, დანიისა და საქართველოს მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, სამ რეგიონში - ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში ხორციელდება.